საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადადგომის მოთხოვნით, დღეს, მოსკოვში, სახაროვის პროსპექტზე გამართულ მიტინგზე „თავისუფალი რუსეთის მანიფესტი“ მიიღეს.
მანიფესტში დაფიქსირებულ მოთხოვნებს შორის, ასევე, არის საპარლამენტო არჩვენების შესახებ ახალი კანონის მიღება და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ახალი არჩევნები, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის საშუალებით, უნდა განისაზღვროს პრეზიდენტის პოსტზე ერთი ადამიანის ერთი ვადით ყოფნისთვის 6 წელი ან ორი ვადით - 4-4 წელი.
მანიფესტის მიღების შემდეგ აქციაზე კონცერტი დაიწყო.
მიტინგზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს „მემარცხნე ფრონტის“ კორდინატორმა სერგეი უდალცოვმა, პოლიტიკოსმა ბორის ნემცოვმა, დეპუტატებმა, „თავისუფალი რუსეთის“ წევრებმა ილია პონომარევმა და გენადი გუდკოვმა.
„მილიონების მარში 2“-ის მონაწილეებმა მსვლელობა კინოთეატრ „პუშკინსკის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს და სახაროვის პროსპექტზე, სადოვოე კალცოსა და ტურგენევსკის მოედანს შორის მიტინგი გამართეს.
შსს-ს მათავარი სამმართველოს შეფასებით, მოსკოვში, აქციაში 18 ათასი კაცი მონაწილეობდა, ხოლო მიტინგზე 15 ათასამდე კაცი დარჩა.
უდალცოვმა სცენიდან განაცხადა, რომ აქციაში 100 ათასი კაცი მონაწილეობს, პონომარევმა 200 ათასის შესახებ გააკეთა განცხადება. თვითმხილველთა თქმით კი, მიტინგში 30-60 ათასი კაცი მონაწილეობდა.
მოსკოვის გარდა, ოპოზიციის აქცია კალინინგრადში, ორენბურგში, ბარნაულში, უფაში, ტიუმენსა და რუსეთის სხვა ქალაქებში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი აქცია „რუსეთის დღეს“ დაემთხვა და სხვადასხვა საზეიმო ღონისძიების ფონზე გაიმართა.
დღეს 19.00 საათზე, წითელ მოედანზე ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტი დაიწყება.
