აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მოსკოვში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მოსკოვში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია
12:35 12.06.2012
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია რუსეთის ოპოზიციის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით და მოსკოვში მოლაპარაკების მიზნით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ტომ მელიას მიავლენს, რომელიც 13 და 14 ივნისს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს, იუწყება „ბი-ბი-სი“.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა შეშფოთება გამოთქვა მოსკოვში მასშტაბური საპროტესტო აქციის წინ, ოპოზიციის ლიდერების „აშკარა დევნის“ გამო.

ნულანდის განცხადებით, დევნა გამოიხატება ოპოზიციონერთა სახლებში ჩხრეკის ოპერაციაში, „მილიონების მარშთან“ დაკავშირებულ დაპატიმრებაში, ასევე, გასულ კვირას მიღებულ კანონთან, რომლის შედეგად, მასობრივი ღონისძიებების ჩატარებისას წესრიგის დარღვევისთვის „არაპროპორციული ჯარიმები“ წესდება.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, მორიგი მარშის შემდეგ, სწორედ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების საკითხი დაისმება მოსკოვში ტომ მელიას და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მოლაპარაკებაზე.
გუშინ რუსეთის ოპოზიციის ლიდერების ალექსეი ნავალნის, ქსენია სობჩაკის, სერგეი უდალცოვის, ილია იაშინისა და სხვათა სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.
„ერთად აღებული ეს ზომები სიტყვისა და შეკრების თავისუფლების ჩასახშობად სამართალდამცავი სისტემის თვითნებური გამოყენების შესახებ სერიოზულ ეჭვს ბადებენ“ - განაცხადა ნულანდმა.

ბეჭდვა