ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მთიან ყარაბაღში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებას აწარმოებს და მიაჩნია, რომ ვითარების
დაუყონებლივი დეესკალაცია უნდა მოხდეს.
ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ალიანსი პირდაპირ არ არის სამშვიდობო პროცესში ჩართული, თუმცა, სრულად უჭერს მხარს მინსკის პროცესს და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შეშფოთებით ადევნებს თვალს.
როგორც აპატურაიმ აღნიშნა, ნატო ვითარების დეესკალაციისა და მშვიდობიანად გადაწყვეტის მომხრეა.
გასულ კვირაში სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის, მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირებები დაიწყო, რაც დღემდე გრძელდება.
