ილია პონომარევი- ჩხრეკა მოსკოვში დაპირისპირების ახალ ფაზაში გადასვლის დასტურია
ილია პონომარევი- ჩხრეკა მოსკოვში დაპირისპირების ახალ ფაზაში გადასვლის დასტურია
11:59 11.06.2012
რუსეთის ოპოზიციის ლიდერების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს.
დღეს დილიდან რუსეთის ოპოზიციის ლიდერების  ალექსეი ნავალნის, ქსენია სობჩაკის, სერგეი უდალცოვის, ილია იაშინის, ბორის ნემცოვისა და სხვათა სახლებში ჩხრეკა დაიწყო. სულ, ჩხრეკა 10 სახლში იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა, იუწყება „ბი-ბი-სი“.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში დაადასტურეს ინფორმაცია - მოსკოვში დიდ მოედანზე გამართული მიტინგის ორგანიზატორთა და მონაწილეთა საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკის შესახებ.

ოპოზიციონერთა განცხადებით, ეს ქმედება პოლიციის მხრიდან ხალხის დაშინების მცდელობაა.

„რუსეთის ხელისუფლება სახალხო სუიციდს ახორციელებს. ჩხრეკები მოსკოვში იმის ნიშანია, რომ დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის“ - ეს განცხადება სოცქსელ „ტვიტერში“ რუსეთის დუმის დეპუტატმა ილია პონომარევმა განათავსა.

როგორც მოძრაობა „სოლიდარნოსტის“ წევრმა სერგეი დავიდისმა აღნიშნა, ხელისუფლება ნემცოვთან, ნავალნისთან და იაშინთან ცდილობს ხელისუფლების დამხობის კრიმინალური გეგმის დამადასტურებელი მაკომპრომეტირებელი რაიმე მასალის ან ისეთი რამის პოვნას, რაც ჩხრეკად ღირს.

12 ივნისს ოპოზიციას მოსკოვში მორიგი „მილიონიანი მარში“ აქვს დაგეგმილი. მერიის მიერ დამტკიცებული განაცხადის თანახმად, მასში 50 ათასზე მეტმა ადამიანმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

მსვლელობა განხორციელდება „სტრასტნი ბულვარიდან“ სახაროვის პროსპექტის მიმართულებით. მიტინგი გაიმართება 15.00-18.00 საათზე სახაროვის პროსპექტზე.

ბეჭდვა