აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებები ცხადჰყოფს, რომ ვაშინგტონმა საქართველოსთან მიმართებაში კარგი გაკვეთილი ვერ მიიღო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის ეს განცხადება რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
„ჰილარი კლინტონის მიერ საქართველოში გაკეთებული განცხადება სამწუხაროდ ადასტურებს, რომ ვაშინგტონმა ვერ მიიღო საჭირო გაკვეთილი 2008 წლის აგვისტოში კავკასიაში განვითარებული მოვლენებიდან“ - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, სწორედ აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნების აქტიურმა წახალისებამ და ცნობილმა ავანსებმა საქართველოს ნატო-ში მიღების შესახებ და საზღვარგარეთიდან იარაღის მასიურმა მიწოდებამ, მიხეილ სააკაშვილს ყველაფრის უფლებისქონისა და დაუსჯელობის კომპლექსი ჩამოუყალიბა.
მისივე თქმით, ამან უბიძგა სააკაშვილს სამხრეთ ოსეთში დანაშაულებრივი ავანტურის განხორციელებიკენ, რამაც ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქისა და რუსი მშვიდობისმყოფელების სიკვდილი გამოიწვია.
„ჩვენ მაშინ აგრესორის გონზე მოყვანა მოგვიწია. დღესაც „დეჟავიუს“ შეგრძნება გვაქვს“ - აცხადებს რუსეთის დიპლომატიური უწყების წარმომადგენელი და აღნიშნავს, რომ აშშ-ს მაღლჩინოსანი წარმომადგენლები სააკაშვილის მხარდასაჭერად კვლავ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ .
მისი თქმით, ისინი იმეორებენ სააკაშვილის პროპაგანდის ცრუ თეზისებს „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასთან“ დაკავშირებით.
ლუკაშევიჩი მიიჩნევს, რომ თბილისის რევანშისტული მისწრაფების წახალისებით ვაშინგტონში სრულად ვერ აცნობიერებენ პასუხისმგებლობას.
