გაერო-ს უშიშროების საბჭო სირიაში მოქალაქეების მკვლელობას გმობს
გაერო-ს უშიშროების საბჭო სირიაში მოქალაქეების მკვლელობას გმობს
10:44 28.05.2012
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებმა სირიაში, სოფელ ჰულაში 108 მოქალაქის მკვლელობის ფაქტი ერთხმად დაგმეს. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„უშიშროების საბჭო ჰულაში თავდასხმების დროს ასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვისა და დაშავების ფაქტს გმობს, რომელშიც ხელისუფლების საარტილერიო და სატანკო შენაერთები მონაწილეობდნენ“ - ნათქვამია გაერო-ს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეთა წინააღმდეგ ძალის მსგავსი გადამეტება საერთაშორისო სამართლისა და სირიაზე გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის ხელყოფაა.
25 მაისს ჰულაში სახელისუფლებო და აჯანყებულ ძალებს შორის შეტაკებას 108 მოქალაქის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.
„როიტერი“ წერს, რომ აღნიშნულმა ფაქტმა მსოფლიოს მასშტაბით შოკი გამოიწვია და ხაზი გაერო-ს მიერ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6 კვირის წინ მიღებული გეგმის ჩავარდნას გაუსვა. ასევე, მომხდარის გამო დასავლური და არაბული სახელმწიფოები სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ გამოვიდნენ და მთავრობა მომხდარში დაადანაშაულეს.

ბეჭდვა