ექსპერტი კავკასიის საკითხებში იანა ამელინა მიიჩნევს, რომ საქართველო და „ერთიანი კავკასიის“ იდეის ხელშემწყობი სხვადასხვა ძალა, რეგიონში ანტიოსურ პროპაგანდას აღვივებენ.
„საქართველო აქტიურ ნაბიჯებს დგამს ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი გავლენის გაძლიერების მიზნით. შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს, რომ ეს გავლენა ბოლო ნახევარი წელია ძალიან გაიზარდა. მართლაც, რომ სერიოზული საფრთხეა რუსეთის ნაციონალური ინტერესებისთვის, რომელზეც პასუხს რუსეთის მხრიდან ვერ ვხედავთ“- ამის შესახებ ამელინამ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ექსპერტმა გაიხსენა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ურთიერთობის შესახებ საქართველოში ბოლო დროს მიღებული კონცეფცია, სადაც, მისი თქმით, რეგიონის ხალხები წარმოდგენილია, როგორც საერთაშორიო სამართლის სუბიექტი.
ამელინამ გაიხსენა სტამბოლში არც თუ დიდი ხნის წინ, გამართული კავკასიის საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც, მისი თქმით, ასობით დელეგატი მონაწილეობდა ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩერქეზეთის და სხვა დიასპორებიდან.
„კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ხაზგასმულია საქართველოს და დასავლეთის დაჟინებული სწრაფვა „ერთიანი კავკასიის იდენტობისკენ“, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს“-აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ჩეჩნები, ინგუშები, ჩერქეზები, დაღესტანის ხალხები, ყაბარდოს, ბალყარეთის, ყარაჩის და კავკასიის სხვა ხალხები კავკასიელები არიან.
„ჩვენ გამოვდივართ რუსული ექსპანსიონიზმის წინააღმდეგ და ვაცხადებთ, რომ ჩვენს შორის ყველა საკამათო საკითხი მოგვარებულია. ჩვენ ვართ ერთი დიდი კავკასიელი ერი“ - ნათქვამია რეზოლუციაში.
ამელინას განცხადებით, საყურადღებოა, რომ ჩამონათვალში ოსები ნახსენები არ არიან. მისი თქმით, ოსეთი სულ უფრო ირიყება „საერთო კავკასიური იდენტობის“ ფორმატიდან, რაც შემთხვევითი არ არის.
