აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო ნორმებით ცნობილი საზღვრების მიმართ ურყევი რჩება, ასევე უცვლელია
მისი დამოკიდებულება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარებული სეპარატისტული რეგიონების მიმართ. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ისაუბრა და საქართველოსთან მიმართებაში აღნიშნა, რომ მისი სწრაფვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ამ კუთხით მის მიერ განხორციელებული რეფორმები დასაფასებელია.
გორდონის თქმით, აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მიმართ გაგრძელდება.
გორდონმა ალიანსის პარტნიორი ქვეყნების მიერ ნატო-სთვის გაწეულ დახმარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავსტრია, ფინეთი, საქართველო, იორდანია, ახალი ზელანდია და შვედეთი ნატო-ს სამშვიდობო მისიას ავღანეთში საკუთარი სამხედრო ძალებით მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც გაამახვილა. მისი თქმით, საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ალიანსის პარტნიორი ქვეყნები და რუსეთი რიგ საკითხებში ვერ თანხმდებიან.
„რუსეთი ნატო-ს მიერ ლიბიაში განხორციელებული ოპერაციების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი. ასევე, ჩვენ ფუნდამენტურად ვერ ვთანხმდებით საქართველოსთან მიმართებაშიც. 2008 წლიდან ნატო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და რუსეთს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს“ - განაცხადა მან.
ჩიკაგო ნატოს სამიტს 20-21 მაისს უმასპინძლებს.
