რუსეთი ქართულ სპეცსამსახურებთან დოკუ უმაროვის კავშირზე განცხადებას აკეთებს
რუსეთი ქართულ სპეცსამსახურებთან დოკუ უმაროვის კავშირზე განცხადებას აკეთებს
18:10 10.05.2012
რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „იმარატ კავკაზის“ მეთაური დოკუ უმაროვი მჭიდროდ თანამშრომლობს ქართულ სპეცსამსახურებთან - იუწყება „რია ნოვოსტი“.
ეროვნულმა კომიტეტმა ოლიმპიურ ქალაქ სოჭში ტერაქტების განხორციელების თაობაზე ბოევიკების გეგმის აღკვეთისა და დიდი ოდენობით იარაღის, მათ შორის, საზენიტო სარეკეტო კომპლექსების ამოღების შესახებ განაცხადა.
განცხადების თანახმად, აღნიშნული გეგმის განხორციელებას და შესაბამის სამუშაოებს კოორდინაციას უმაროვი უწევდა.
სპეცსამსახურებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 4-5 მაისს, აფხაზეთში იარაღის, ასაფეთქებელი საშუალებების, საბძოლო მარაგისა და ტერაქტისთვის საჭირო სხვა მასალის ათი სამალავი აღმოაჩინეს.
ამოღებულია სამი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „იგლა“ და „სტრელა“, ორი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი ჭურვი, ნაღმმტყორცნი, 36 ჭურვი, ე.წ. „შმელი“, სხვადასხვა მარკის ნაღმმტყორცნი, 12 თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, 15 ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითთასაწინააღმდეგო ნაღმი, 700-მდე ყუმბარა, სნაიპერის სპეციარაღი და ორი ავტომატი, 15 კილოგრამი ტროტილი, 10 ათასზე მეტი სხვადასხვა კალიბრის ტყვია, ასევე რუკები.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, ბოევიკები 2012-2014 წლებში ამ შეიარაღების სოჭში გადატანას და ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებისა და უშუალოდ ოლიმპიადის დროს ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ.

ბეჭდვა