დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა და მისი ნდობით აღჭურვილი პირი, სეპარატისტული მთავრობის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გენერალი ანატოლი ბარანკევიჩი ახალ ე.წ მთავრობაში მაღალ თანამდებობას დაიკავებენ.
„ოსინფორმის“ ინფორმაციით, ახალ მთავრობაში ჯიოევას ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზეს და ის სოციალურ, კულტურისა და მედიცინის სფეროს უხელმძღვანელებს, ბარანკევიჩი კი, ე.წ. მთავრობის მეთურის აპარატს ჩაუდგება სათავეში.
წყაროს ცნობით, ჯანდაცვის ე.წ. მინისტრის პოსტს დაიკავებს ჯიოევას ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი როდიონ სიუკაევი, ახალგორის რაიონის ხელმძღვანელად კი, ოპოზიციის აქტივისტი ჯემალ ჯიგკაევი დაინიშნება.
აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება. თავად ჯიოევა ამ ინფორმაციას არ უარყოფს.
„პრეზიდენტი თიბილოვი ყველაფერს აკეთებს სამოქალაქო გათიშულობის ლიკვიდაციისთვის, რასაც დეკემბერში ჰქონდა ადგილი“- ნათქვამია „ოსინფორმის“ ინფორმაციაში.
წყაროს ცნობით, საკადრო დანიშვნების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ამის შესახებ განცხადება 14 მაისს გაკეთდება.
