ინდონეზიაში გაუჩინარებული თვითმფრინავის Sukhoi SuperJet-100-ის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. თვითმფრინავში 44 მგზავრი იმყოფება, აქედან 8 რუსეთის მოქალაქეა.
„ბი-ბი-სი“ ინდონეზიის არმიის წარმომადგენელთა განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ლაინერის მდგომარეობის შეფასება რთულია, რადგან ის მიუდგომელ ადგილასაა შემჩნეული და მასთან მიახლოება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ამასთან, „როიტერის“ ცნობით, ინდონეზიელმა მაშველებმა თვითმფრინავის ნაწილები, მთის ფერდობზე 1 650 მეტრის სიმაღლეზე აღმოაჩინეს.
ინდონეზიის პრეზიდენტი სუსილო ბამბანგ იუდოინო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს.
თვითმფრინავი რადარის ეკრანიდან გუშინ ჯაკარტაში მესამე საჩვენებელი ფრენის დროს გაქრა. ფრენა ნახევარი საათი უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, საჰაერო ხომალდი რადარის არედან გაქრა.
ცნობილია, რომ რუსული თვითმფრინავი რადარის ეკრანიდან მას შემდეგ გაქრა, რაც 3 ათასიდან 2 ათას მეტრზე დაშვების ნებართვა ითხოვა. ცნობილია, რომ ამ რაიონში 2 ათას მეტრზე მეტი სიმაღლის მთა მდებარეობს.
