მექსიკაში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის გამართულ ტელედებატებში მონაწილე სტუმრებს პროდიუსერებმა ბოდიში ერთ-ერთი თანაწამყვანის „ღრმა დეკოლტეს“ გამო მოუხადეს.
დასავლური მედიის ინფორმაციით, თანაწამყვანს დებატების მსვლელობისას სტუდიაში ყოფნა და კანდიდატების საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაბეჭდილი ბუკლეტების დარიგება ევალებოდა.
მექსიკის საარჩევნო კომისიის განცხადებით, აღნიშნულ ქალბატონს ღრმად დეკოლტირებული გამჭვირვალე თეთრი კაბა ეცვა, რომელშიც სხეულის ყველა დეტალი ჰქონდა გამოკვეთილი.
კომისიაში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი დებატებში მონაწილე სტუმრებს გონებას უფანტავდა, შესაბამისად, ბევრი საინტერესო კითხვა უპასუხოდ დარჩა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ პროდიუსერებს ეს ფაქტი გამორჩათ. აღნიშნულმა შემთხვევამ დებატებს არასწორი მიმართულება მისცა, შესაბამისად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ბევრი საკითხი უთქმელი დარჩა“ - ნათქვამია საარჩევნო კომისიის განცხადებაში.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, გამომწვევად ჩაცმული თანაწამყვანი ადრე მოდელად მუშაობდა.
