ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ხელისუფლებისგან ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს მონახულების ნებართვას ითხოვს.
ამის შესახებ განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გააკეთა.
ჰილარი კლინტონი უკრაინის ხელისუფლებას კიევში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისთვის საპატიმროში ტიმოშენკოს ნახვის უფლების მიცემას სთხოვს.
კლინტონის განცხადებით, აშშ შეშფოთებულია ოპოზიციურად განწყობილი ძალების წარმომადგენელთა მიმართ უკრაინის ხელისუფლების მოპყრობით, კერძოდ, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობით.
„ექს-პრემიერ ტიმოშენკოს სურათები, რომელზეც გარკვევით ჩანს მის სხეულზე ჩალურჯებული ადგილები, მთელ რიგ კითხვებს ბადებს. მათ პასუხი უნდა გაეცეს“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
როგორც ცნობილია, პატიმრობაში მყოფი უკრაინის ექს-პრემიერი კვლავ შიმშილობს. მან პროტესტის ამ ფორმას ბადრაგის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის გამო მიმართა.
ექს-პრემიერის საქმესთან დაკავშირებული ვითარების შედეგად, უკრაინაში „ევრო 2012“-ს არ დაესწრებიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, გერმანიის ეკოლოგიის მინისტრი ნორბერტ რეტგენი და ევროკომისარი იუსტიციის საკითხებში ვივიან რედინგი და ევროკომისის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზო.
