უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ქალაქ დონეცკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ვიცე-კონსულმა ირაკლი ადვაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, საკონსულოს საგანგებო რეჟიმში მუშაობის აუცილებლობა აღარ არსებობს.
„მუშაობის საგანგებო რეჟიმში გუშინ გადავედით, რადგან მომხდარი ახალი ამბავი იყო და დაზუსტებას საჭიროებდა. აქედან გამომდინარე, ყველა მობილიზებული იყო, რომ ჩვენი მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია დაგვედგინა“- განაცხადა ადვაძემ.
მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით ახალი დეტალები თანდათან გამოიკვეთება.
უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში მომხდარი აფეთქებების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. უკრაინელ სამართალდამცავთა განცხადებით, ქალაქის ხალხმრავალ ადგილებში 15 წუთიანი ინტერვალით 4 აფეთქება მოხდა.
ტერაქების სერიის შედეგად დაშავებული 30 ადამიანიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, დანარჩენი მოქალაქეების მდგომარეობა კი სტაბილურია.
ტერორიზმის მუხლით ქალაქის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
