უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიტალი ზახარჩენკოს განცხადებით, დნეპროპეტროვსკში გუშინ მომხდარი ტერაქტების სერია პოლიტიკური მოტივით არ განხორციელებულა.
განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს უკრაინის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი, რომლის განცხადებითაც, აფეთქებების სერია სწორედ რომ პოლიტიკური ხასიათისაა და ის ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით განხორციელდა.
დნეპროპეტროვსკში მომხდარი რამდენიმე აფეთქების გამო, უკრაინაში უსაფრთხოების ზომები ამ დრომდე გამკაცრებულია.
ტერაქტების სერიის შედეგად დაშავებული 30 ადამიანიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, დანარჩენი მოქალაქეების მდგომარეობა კი სტაბილურია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა აფეთქებების სერიას ქვეყნის გამოწვევა უწოდა და ტერორისტების დასჯის პირობა დადო.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში უკრაინაში „ევრო 2012“ უნდა გაიმართოს.
