უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ქალაქ დონეცკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ვიცე-კონსულმა ირაკლი ადვაძემ განუცხადა
მისივე განმარტებით, არ დაშავებულან უცხოელებიც.
„წინასწარი მონაცემებით, 27-ვე დაშავებული ადგილობრივი მცხოვრებია. საქართველოს მოქალაქეებისგან დახმარების თხოვნით არც ერთი ზარი არ შემოსულა. ტერაქტები აღარ განმეორებულა. ქალაქში ამ ეტაპზე სპეცრაზმებია შეყვანილი და ტერორისტების დაკავების მიზნით ღონისძიებები მიმდინარეობს“ - აღნიშნა მან.
ადვაძის განცხადებით, დონეცკში საკონსულო მუშაობის საგანგებო რეჟიმშია გადასული, რომ ნებისიერ ფაქტზე რეაგირება მოხდეს.
დღეს უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში მომხდარი აფეთქებების შედეგად 30-მდე ადამიანი მძიმედ დაშავდა. უკრაინელ სამართალდამცავთა განცხადებით, ქალაქის ხალხმრავალ ადგილებში 15 წუთიანი ინტერვალით 4 აფეთქება მოხდა. ტერორიზმის მუხლით ქალაქის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
