უკრაინაში ტერაქტების სერიის შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა
უკრაინაში ტერაქტების სერიის შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა
16:29 27.04.2012
30-მდე ადამიანი მძიმედ დაშავდა დღეს უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში მომხდარი აფეთქებების შედეგად.

უკრაინელ სამართალდამცავთა განცხადებით, ქალაქის ხალხმრავალ ადგილებში 15 წუთიანი ინტერვალით 4 აფეთქება მოხდა.

თვითმხილველები კი აცხადებენ, რომ ქალაქში, სულ მცირე, 10 აფეთქების ხმა გაისმა.

პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა ტრამვაის გაჩერებაზე ამოქმედდა, მოგვიანებით კი, რკინიგზის სადგურთან ნაგვის ურნაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა.

ტერორიზმის მუხლით ქალაქის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მომხდარიდან გამომდინარე, ქალაქში ყველა უბანში ნაგვის ურნები მოწმდება.

„ტერაქტების სერიას სპეციალური საგამოძიებო კომისია გამოიძიებს“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტალი ზახარჩენკომ, რომელიც დნეპროპეტროვსკში უკვე გაემგზავრა.

მომხდარ ფაქტს ყირიმიდან პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გამოეხმაურა და პირობა დადო, რომ ტერაქტის ორგანიზატორები მკაცრად დაისჯებიან.

ბეჭდვა