სირიის რეგიონებში, სადაც გაერო-ს დამკვირვებლები ჩადიან, სიმშვიდე ისადგურებს, თუმცა, როდესაც ისინი ამ ადგილებს ტოვებენ ძალადობა გრძელდება. ამის შესახებ
განცხადება გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში კოფი ანანმა გააკეთა.
„შეშფოთებული ვარ ჰამასში სამთავრობო ძალების შესვლისა და ადამიანების დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. ეს სრულიად დაუშვებელია“- აღნიშნა კოფი ანანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აცნობა, რომ სამშვიდობო გეგმის ფარგლებში, დასახლებული ცენტრებიდან მძიმე ტექნიკა და სამხედროები გაყვანილია.
ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით კი, გუშინ 40 ადამიანი მოკლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოფიციალური დამასკოსგან მიღებული დაპირებები არ სრულდება.
„სირიის ხელისუფლებას მოვუწოდებთ შეასრულოს ის ვალდებულება, რაც მას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმით დაეკისრა” - აღნიშნა კოფი ანანის წარმომადგენელმა აჰმად ფავზიმ.
კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელებას ითვალისწინებს.
გაერო-ს გენერალური მდივნის ბან კი მუნის განცხადებით, სირიის მთავრობა სამშვიდობო გეგმას ბოლომდე არ ასრულებს, რის გამოც სირიაში დამატებით სამასი დამკვირვებელი გაიგზავნა.
