საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მთავარმა კონკურენტმა სოციალისტმა ფრანსუა ოლანდმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
მან ხმა კორეზის დეპარტამენტში მისცა, სადაც იგი დეპუტატთა საბჭოს ხელმძღვანელობს. იგი სწორედ კორეზის დეპარტამენტში ქალაქ ტიულში აძლევს ხმას უკვე 20 წელია.
გარდა ოლანდისა, არჩევნებზე ხმა უკვე მისცეს პრეზიდენტობის კანიდადატებმა - „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმა და ცენტრისტმა ფრანსუა ბაირუმ.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინაროებს. პრეზიდენტის თანამდებობისთვის 10 კანდიდატი იბრძვის. იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი მათგანი ხმების 50%-ს ვერ დააგროვებს, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
არჩევნებში გამარჯვებას პრეზიდენტობის ორ კანდიდატს უწინასწარმეტყველებენ. საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მთავარი კონკურენტი სოციალისტი კანდიდატი ფრანსუა ოლანდია.
არჩევნების პირველადი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გახდება ცნობილი.
