რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისგან თავის შეკავებას
უჩევს. ამის შესახებ სპეციალური განცხადება სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქართული სპეცსამსახურები ქვეყანაში შესულ რუსეთის მოქალაქეებს სისტემატურად იჭერენ და მათზე რეპრესიებს ახორციელებენ და ეს ყველაფერი საიდუმლოდ, საზოგადოებისგან დაფარულად ხდება.
"სამაგიეროდ, სააკაშვილის პროპაგანდული შოუ ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მისი ვიზიტის თაობაზე, სადაც ის ქვეყანაში შესულ რუსეთის მოქალაქეებს ესალმება სიტყვებით: "ხშირად გვესტუმრეთ", მედიაში ფართოდ შუქდება" - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში, ქართულმა სამართალდავცავმა ორგანოებმა საქართველოში ჩასული რუსეთის არაერთი მოქალაქე იმიტომ დააკავეს, რომ ისინი მანამდე აფხაზეთში იმყოფებოდნენ.
