მოსკოვი აშშ-ში იარაღით ვაჭრობის ბრალდებით გასამართლებული ვიქტორ ბუტის ექსტრადიციას ითხოვს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ექსტრადიციის საკითხზე რუსეთის ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პროცესში ვერ ჩაერევა.
იარაღით უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე ვიქტორ ბუტი ტაილანდში 2008 წელს დააპატიმრეს, რის შემდეგაც მისი აშშ-ში ექსტრადირება მოხდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ამერიკელ კოლეგასთან ჰილარი კლინტონთან ვაშინგტონში შეხვედრაზეც გეგმავს საუბარს.
