ბრაქ ობამა პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ბრაქ ობამა პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
17:58 28.03.2012
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იუსუფ რაზა გილანთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის დაბალანსებული  ურთიერთობის აუცილებლობაზე ისაუბრა. იუწყება "ინტერფაქსი".
"გულახდილად ვთქვათ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაძაბული იყო, თუმცა, მივესალმები პაკისტანის პარლამენტის მიერ ამ ურთიერთობის გადახედვას"- განაცხადა ობამამ შეხვედრის დასაწყისში.
მისი თქმით, ამერიკამ პაკისტანთან ისეთ დაბალანსებულ ურთიერთობას უნდა მიაღწიოს, რომელიც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების პატივისცემასთან ერთად, პაკისტანის სუვერენიტეტს სცემს პატივს. აქვე ობამამ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოება ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს.
გილანი მიესალმა პაკისტანის სუვერენიტეტის პატივისცემასთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას და აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობა ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობს. პრემიერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ავღანეთსა და პაკისტანში სტაბილურობის დამყარება.
ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ დაიძაბა,რაც გასული წლის 26 ნოემბერს, ნატო-ს ავიაციამ 25 პაკისტანელი სამხედრო გაანადგურა.

ბეჭდვა