ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა ავღანეთში ყველა უბედურების სათავედ აშშ და ნატო დაასახელა. ამის შესახებ მან დუშამბეში, ავღანეთის საკითხებში ეკონომიკური
თანამშრომლობის რეგიონალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ავღანელი ხალხი გამუდმებით ხდება საკუთარ სახლებში თავდახსმის ობიექტი. ასეთივე სიტუაციაა პაკისტანში, პალესტინაში და რამდენიმე აფრიკულ ქვეყანაში" - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მთელი პრობლემა ნატო-სა და ნატოს პოლიტიკაში მდგომარეობს, "რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის საფარქვეშ შევიდა ავღანეთში, ახლა ასეთივე ლოზუნგით ალყას არტყამს რუსეთსა და ჩინეთს".
ირანის პრეზიდენტის განცხადებით, სტაბილურობა ავღანეთში მას შემდეგ იქნება შესაძლებელი რაც ისინი - "აშშ და ნატო ამ ქვეყანას დატოვებენ. დარწმუნებულნი ვართ, რომ მათი წასვლით ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემებიც მოგვარდება" - მიიჩნევს აჰმადინეჯადი.
ირანელი ლიდერის სიტყვით გამოსვლის დროს, ამერიკულმა დელეგაციამ, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე რობერტ ბლეიკი ხელმძღვანელობდა, დარბაზი დემონსტრაციულად დატოვა. ისინი კონფერენციაზე აჰმადინეჯადის გამოსვლის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ.
