ბარაქ ობამა სეულში ჩინელ და რუს კოლეგებს შეხვდება
ბარაქ ობამა სეულში ჩინელ და რუს კოლეგებს შეხვდება
12:04 26.03.2012
ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა, რომელიც სეულში ბირთვული უსაფრთხობის სამიტზე დასასწრებად იმყოფება, დღეს თავის  ჩინელ და რუს კოლეგებს შეხვდება.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში ჰანკუკის უნივერსიტეტეში გამოსვლისას ობამამ ჩრდილოეთ კორეა გააფრთხილა, რომ შორს მოქმედი რაკეტის გამოცდის შემთხვევაში, ის მეტ იზოლაციას უნდა ელოდოს.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, დაწესებულმა სანქციებმა ირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა "შეანელა": "ირანმა თავისი მოვალეობები უნდა შეასრულოს" - ხაზი გაუსვა ობამამ.
ობამამ აღნიშნა, რომ ამერიკას ამ ქვეყნის მიმართ მტრული დამოკიდებულება არა აქვს, თუმცა, ფხენიანმა უნდა გააცნობიეროს წლების გამოცდილება და მიხვდეს, რომ დაწესებული სანქციების დროს არსებული ბირთვული სტრატეგია ვერ მუშაობს - "თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ ასე სვლა, თუმცა, ჩვენ ვიცით სადამდე მიგიყვანთ ეს გზა -ეს მიგიყვანთ დამსხვრეულ ოცნებებამდე და უფრო მეტ იზოლაციამდე" - განაცხადა ბარაქ ობამამ.
მას სჯერა, რომ ორივე კორეა - ჩრდილოეთი და სამხრეთი - ერთ დღეს "ერთიანი და თავისუფალი" იქნება.
ფხენიანმა ობამას გამოსვლამდე განაცხადა, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამის შესახებ რაიმე ტიპის კრიტიკულ გამონათქვამს "ომის გამოცხადებად" აღიქვამდა.
ცოტა ხნის წინ, ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ აპრილში კიმ ირ სენის ასი წლისთავთან დაკავშირებით, თანამგზავრის გაშვებას გეგმავს.

ბეჭდვა