რუსული სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი „ექსპრეს - AM4“ დედამიწის ახლოს მდებარე ორბიტას ჩამოშორდა და წყნარ ოკეანეში ჩაიძირა.
ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
„ინტერფაქსი“-ს ინფორმაციით, აღნიშნული თანამგზავრი დაუგეგმავ ორბიტაზე გასული წლის აგვისტოში გაიყვანეს.
„მოსკოვის დროით დაახლოებით 17:32 საათზე, ატმოსფეროს მკვრივი ფენების გავლის შემდეგ სატელიტის ნარჩენებმა ოკეანის ზედაპირს მიაღწიეს. ვარდნის არეალი - ჰავაის კუნძულების ჩრდილოეთით, წყნარი ოკეანეა“ - აცხადებენ კომპანია Astrium-ში.
კოსმოსური აპარატის მართვას აღნიშნული კომპანია ახორციელებდა.
