რუსეთი მზად არის სირიაში გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს კოფი ანანს ყველა სახის დახმარება გაუწიოს.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დღეს კოფი ანანთან შეხვედრაზე განაცხადა.
"იმედი გვაქვს გაეროს მისია სირიაში წარმატებას მიაღწევს. შესაძლოა, ეს ამ ქვეყნისთვის ერთადერთი შესაძლებლობაა სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომს თავი დააღწიოს" - აღნიშნა მედვედევმა.
თავის მხრივ, კოფი ანანმა სირიაში კონფლიქტის მოგვარების საკითხში რუსეთის დახმარების იმედი გამოთქვა.
"იმედია მისიისა და სხვა შუამავლების დახმარებით, სირიაში რთული და სისხლისმღვრელი კონფლიქტის დასრულება შესაძლებელი გახდება" - განაცხადა მან.
კოფი ანანი მოსკოვში რუსული მხარის მიწვევით ჩავიდა. ის უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. მათ სირიაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.
