რობერტ ბეილსს ავღანეთში 17 ადამიანის მკვლელობაში ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბეილისმა 11 მარტს სამხედრო ნაწილი დატოვა და 17 მშვიდობიანი ავღანელი მოკლა, მათ შორის ბავშვები და ქალები.
ბეილსის ადვოკატმა ჰენრი ბრაუნმა ბრალდების გამოცხადებამდე კომენტარისაგან თავი შეიკავა.
BBC-ის ინფორმაციით, ბრაუნმა აღნიშნა, რომ ეს საქმე თავად პროკურორებისთვისაც ძალიან რთული იქნება.
სამხედრო სფეროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქმე მართლაც ურთულესია, რადგან ვერ ხერხდება ცხედრების ექსპერტიზა, რისი საშუალებითაც მკვლელობის გამომწვევი მიზეზი გაირკვეოდა. ისლამური ტრადიციის მიხედვით, გარდაცვლილები მალე დაკრძალეს. ამერიკაში ჩვენების მისაცემად კი - ავღანეთიდან მოწმეები არ ჩადიან.
ბეილსი აშშ-ში გასულ კვირას გადაიყვანეს. ავღანეთი მის დაბრუნებას და იქ გასამართლებას მოითხოვს.
აღნიშნულმა ინციდენტმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა.
