ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქის პრაღის საერთაშორისო აეროპორტს - "რუზინეს" ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, აწგარდაცვლილი ვაცლავ ჰაველის სახელი მიენიჭება.
აეროპორტი ოფიციალურად ახალი სახელით 5 ოქტომბრიდან იფუნქციონირებს. 5 ოქტომბერს ვაცლავ ჰაველის დაბადების დღეა.
თავიდან ჩეხეთის მთავრობა აღნიშნულ ინიციატივას არ ეთანხმებოდა. თუმცა, ამასთან დაკავშირებით ინტერნეტით გავრცელებულ პეტიციას 82 ათასმა მოქალაქემ მოაწერა ხელი. შემდეგ კი, მინისტრთა კაბინეტმა ინიციატივას მხარი დაუჭირა.
მწერალი და დრამატურგი ვაცლავ ჰაველი ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი 1989-1992 წლებში იყო. ქვეყნის ორ ნაწილად დაშლის შემდეგ, 1993 წლიდან ათი წლის განმავლობაში, იგი ჩეხეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობდა. ჰაველი შარშან 18 დეკემბერს გარდაიცვალა.
