ოფიციალური ათენი ევროზონის ქვეყნების მიერ საბერძნეთის კრიზისის დასაძლევად გამოყოფილი 34,1 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების
პროგრამის პირველ ტრანშს დღეს მიიღებს.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკას პაპადიმოსმა "ფაინენშლ თაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ფისკალური რეფორმების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროზონაში ყოფნას. მოქალაქეების 70-80%-ს ამ სავალუტო კავშირიდან საბერძნეთის გასვლა არ სურს .
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა დაახლოებით ორ წელიწადში დაიწყება. ამასთან, მთავრობის მეთაური არ გამორიცხავს, რომ თუ ქვეყანა კაპიტალის ბაზრებზე 2015 წლამდე არ დაბრუნდება, შესაძლოა, საბერძნეთს დამატებითი დახმარება დასჭირდეს. "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავალიანების ეს რესტრუქტურიზაცია უკანასკნელი იყოს" - განაცხადა პრემიერმა.
ცნობილია, რომ 9 მარტს საბერძნეთის მთავრობამ კერძო კრედიტორების მხრიდან სახელმწიფო ვალის ნაწილის ჩამოწერის თანხმობა მიიღო. ამის შედეგად, საბერძნეთის სახელმწიფო დავალიანება 107 მილიარდი ევროთი შემცირდა.
