რუსეთი ქართული მხრიდან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილზე განცხადებებს სერიოზულად არ აღიქვამს
რუსეთი ქართული მხრიდან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილზე განცხადებებს სერიოზულად არ აღიქვამს
14:49 13.03.2012
"საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებით დაინტერესების შესახებ განცხადებების სერიოზულად აღქმა არ შეიძლება" - განაცხადა რუსეთის საგარეო  საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მარია ზახაროვამ.
როგორც ზახაროვამ სააგენტო "რია-ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, თბილისიდან პერიოდულად გაკეთებული განცხადებები ურთიერთობების დარეგულირებით დაინტერესების შესახებ, პროპაგანდისტულია.
ზახაროვას თქმით, სინამდვილეში რუსეთისა და მისი მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულება საქართველოს პრეზიდენტმა ბაქოში ვიზიტისას გამოხატა.

"საქართველოს პრეზიდენტისთვის დამახასიათებელ განდიდების მანიასთან შერწყმული მტრული დამოკიდებულება პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ხალხისა და ვიღაც "რუსი პატრიოტებისადმი" მიმართვაში გამოიხატა, რომელთაც სააკაშვილი რუსეთის წინააღმდეგ ერთად ბრძოლისაკენ მოუწოდებდა" - აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

"ყველა მიეჩვია სააკაშვილისგან საკუთარი თავის პათოსურ ქებას, რომელიც მით უფრო შეუკავებელი ხდება, რაც მეტად კრიტიკულია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშები საქართველოზე" - განაცხადა ზახაროვამ.
ბოლოს კი, დიპლომატმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირებისკენ გადადგმული ნებისმიერი კონსტრუქციული ნაბიჯის გადადგმისთვის მოსკოვის მზაობას გაუსვა ხაზი.

ბეჭდვა