საპროტესტო აქციებმა რუსეთი 1,8 მლნ რუბლით აზარალა
საპროტესტო აქციებმა რუსეთი 1,8 მლნ რუბლით აზარალა
13:15 12.03.2012
მოსკოვში გამართულმა საპროტესტო აქციებმა კომუნალური სამსახურების მუშაობა გაართულა და დედაქალაქის ბიუჯეტი ორ მილიონამდე რუბლით აზარალა.

ეს ინფორმაცია გაზეთმა "კომერსანტმა" ვიცე-მერ პეტრე ბირიუკოვის ანგარიშზე დაყრდნობით გაავრცელა.

ანგარიშში ძირითადად 5 და 10 მარტის მიტინგებზეა საუბარი.

ბიურიუკოვის განცხადებით, აქციის დღეებში საქალაქო სამსახურებს თანამშრომელთა რიცხვის გაზრდა მოუწიათ. ყველაზე მეტად საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო დაზარალდა. მისმა გაუთვალისწინებელმა ხარჯმა 1,8 მილიონი რუბლი შეადგინა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის დუმის დეპუტატმა, ოპოზიციონერმა გენადი გუდკოვმა ვარაუდი გამოთქვა, რომ მერია მომავალში ოპოზიციისთვის აქციების ნებართვის გაცემისას უარის თქმის საბაბად, ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს გაითვალისწინებს.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საპროტესტო აქციებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო. არჩევნებში 63,60%-ით ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა.

ბეჭდვა