რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ საქართველოში პატიმრების წამების ფაქტებს შესაბამისი შეფასება მოჰყვება გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტისა და წამების,
არაადამიანური და შეურაცხმყოფელი მოპყრობის და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის მხრიდან.
ამის შესახებ დღეს რუსეთის დიპლომატიური უწყების რწმუნებულმა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის საკითხებში კონსტანტინე დოლგოვმა განაცხადა.
„შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში სიტუაციის დრამატულად განვითარებას, რაც პატიმართა უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტების გამოვლენას მოჰყვა. გლდანის მე-8 საპყრობილეში მედიის მიერ გასაჯაროვებული წამების შოკისმომგვრელი კადრები კიდევ ერთხელ გვაიძულებენ დავფიქრდეთ - რეალურად შესწევს თუ არა უნარი საქართველოს ხელისუფლებას გარანტირებულად დაიცვას ადამიანის უფლებები და უზრუნველყოს კანონის უზენაესობა“ - აღნიშნავს დოლგოვი.
ამასთანავე, ის აცხადებს, რომ მომხდარი არ შეესაბამება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის წამების საწინააღმდეგო კონვენციით, ასევე, წამების და არაადამინური, დამამცირებელი მოპყრობის პრევენციის ევროპული კონვენციით აღებულ ვალდებულებებს.
რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყება იმედოვნებს, რომ პენიტენციალურ სისტემაში გამოვლენილი ფაქტები დეტალური და მიუკერძოებელი გამოძიების საგანი გახდება და დამნაშავეები დაისჯებიან.
