რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატი, პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მასობრივი საპროტესტო აქციების საშიშროების წინაშე დგას.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის ოპონენტები 4 მარტს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების საყოველთაო გაყალბებაზე საუბრობენ, ისინი არჩევნების შედეგებს არ სცნობენ და დღეიდან, მოსკოვის დროით 19:00 საათზე კრემლთან აქციების მოწყობას გეგმავენ.
რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ლიდერმა, პუტინის მთავარმა ოპონენტმა, გენადი ზიუგანოვმა განაცხადა, რომ მისი პარტია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, რადგან ის "არალეგიტიმურად, არასამართლიანად და არა გამჭვირვალედ" ჩატარდა. ასევე, ლიბერალ- დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმაც არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად სცნო. ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთში უკვე მესამედ იგებს.
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი არჩევნებში ლიდერობს. სწორედ მან მიიღო ხმების 63.82%. ის რუსეთის ფდერაციის პრეზიდენტი 2000 და 2004 წლის არჩევნების შედეგად გახდა. 2008 წელს რუსეთის პირველი პირი მისი ფავორიტი დიმიტრი მედვედევი გახდა.
