ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზო დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე თავდასხმებს გმობს.
იგი მუსულმანურ ქვეყნებში ევროპული ქვეყნებისა და აშშ-ის საელჩოებზე თავდასხმებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი რამ დაუშვებელია.
„დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე თავდასხმები დაუშვებელია. მკაცრად ვგმობთ დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საელჩოებზე ხართუმში მომხდარ თავდასხმებს. მსგავსი ქმედებები მიუღებელია და ეწინააღმდეგება ცივილიზებული სამყაროს წესებს“ - განაცხადა ბაროზომ.
ისლამური სამყაროს პროტესტი მოციქულ მუჰამედზე გადაღებულმა ფილმმა გამოიწვია, რომელიც youtube.com-განთავსდა. მეამბოხეების განცხადებით, ფილმი მოციქულ მუჰამედს შეურაცხყოფს. ლიბიაში აშშ-ს 11 სექტემბერს საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად აშშ-ს ელჩი და საელჩოს 4 თანამშრომელი დაიღუპნენ.
ლიბიიდან დაწყებული პროტესტი უკვე 11 ქვეყანაზე გავრცელდა, რომლებშიც ადგილობრივ პოლიციასა და მეამბოხეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.
