ბარაქ ობამა თავდამსხმელების პასუხისგებაში მიცემის პირობას დებს
ბარაქ ობამა თავდამსხმელების პასუხისგებაში მიცემის პირობას დებს
11:53 14.09.2012
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა საზღვარგარეთ საკუთარი მოქალაქეების დაცვის პირობას დებს.

როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი, ობამამ იემენის პრეზიდენტ აბდ რაბუ მანსურ ჰადის (Abd-Rabbu Mansour Hadi) მადლობა გადაუხადა აშშ-ს საელჩოზე თავდასხმის გამოძიებაში გაწეული დახმარებისთვის.

განცხადების თანახმად, ობამა თავდამსხმელთა პასუხისგებაში მიცემის პირობას დებს და მოუწოდებს სხვა ქვეყნების მთავრობებს აშშ-ს მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიები შექმნან.

„პრეზიდენტი ობამა თანამშრომლობისთვის იემენის მთავრობას მადლობას უხდის და თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს. აშშ-ს პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთად მუშაობა მნიშვნელოვანია“ - ნათქვამია განცხადებაში.

შეიარაღებული პირები ბენღაზიში აშშ-ს საკონსულოს სამშაბათს დაესხნენ თავს. შენობა დაიწვა. ლიბიისა და ამერიკის უსაფრთხოების ძალებმა შეტევის მოგერიება პირველივე ჯერზე ვერ შეძლეს.

თავდასხმისას ოთხი დიპლომატი დაიღუპა, მათ შორის, აშშ-ს ელჩი ლიბიაში კრისტოფერ სტივენსი. სავარაუდოდ, სიკვდილი კვამლით მოწამვლამ გამოიწვია. ასევე, დაიღუპა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი შონ სმიტი. სხვა დაღუპულთა სახელები არ ხმაურდება.

ბეჭდვა