ამერიკის საელჩოზე თავდასხმის ფაქტის გამოძიებაში ჩართული პირები სარწმუნოდ მიიჩნევენ ვერსიას იმის შესახებ, რომ აღნიშნული ძალადობა
ადრე დაიგეგმა და პროფესიონალურ დონეზე განხორციელდა.
როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, თავდაპირველად ივარაუდეს, რომ თავდასხმა სპონტანური რექცია იყო ინტერნეტში ანტიისლამისტური ფილმის გამოჩენაზე.
შეიარაღებული პირები ბენღაზიში აშშ-ს საკონსულოს სამშაბათს დაესხნენ თავს. შენობა დაიწვა. ლიბიისა და ამერიკის უსაფრთხოების ძალებმა შეტევის მოგერიება პირველივე ჯერზე ვერ შეძლეს. თავდასხმისას დაიღუპა ოთხი დიპლომატი, მათ შორის აშშ-ს ელჩი ლიბიაში კრისტოფერ სტივენსი. სავარაუდოდ, სიკვდილი კვამლით მოწამვლამ გამოიწვია. ასევე, დაიღუპა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი შონ სმიტი. სხვა დაღუპულთა სახელები არ სახელდება.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავდასხმის უკან მდგარ პირთა პასუხისგების პირობა დადო, თუმცა, აღნიშნა, რომ მისი სურვილი არაა აშშ-სა და ლიბიის ახალ ხელისუფლებას შორის „კავშირი გაწყდეს“.
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ლიბიის სანაპიროსკენ ორი ამერიკული სამხედრო გემი დაიძრა. ერთ-ერთი გამანადგურებელი Laboon უკვე მიუახლოვდა ლიბიას, მეორე - McFaul კი, რამდენიმე დღეში მიუახლოვდება.
ამერიკის თავდაცვის უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ საზღვაო ხომალდებს კონკრეტული მისია არ აქვთ.
ამავდროულად, ეგვიპტეში შეტაკებებია უშიშროების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის, რომლებიც ამერიკის საელჩოსთან პროტესტს გამოთქვამენ სკანდალურ ანტიისლამისტურ ფილმთან დაკავშირებით. დემონსტრანტებს შორის შეამჩნიეს ხალხი, რომლებსაც თან ცეცხლგამჩენი ნარევით სავსე ბოთლები ჰქონდათ. პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწია.
