ერაყის სხვადასხვა ტერიტორიაზე დღეს განხორციელებული აფეთქებების სერიის შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა - იუწყება „როიტერი“ ადგილობრივ
სამართალდამცავებზე დაყრდნობით.
სულ დაახლოებით 9 აფეთქება მოხდა, თუმცა, ყველაზე სერიოზული ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კირკუკში განხორციელდა, სადაც 11-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 17-მა სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიიღო.
კირკუკის აფეთქება ტერორისტმა-კამიკაძემ განახორციელა. ტერაქტის შედეგად ძირითადად წვევამდელები დაიღუპნენ, რომლებიც იქვე განლაგებულ სამხედრო ბაზასთან იკრიბებოდნენ.
სხვა ტერაქტების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გასულ კვირაში კირკუკში შიიტურ მეჩეთებთან განხორციელებული ტერაქტების სერიამ მინიმუმ 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 30-ზე მეტი დაიჭრა.
დაძაბულობის ესკალაცია ერაყში სუნიტებისა და შიიტების დაპირისპირებას უკავშირდება.
