დაღესტნის რამდენიმე ინტერნეტ-გამოცემა დაღესტნის მთებში რუსული ჯარების კონცენტრირებაზე წერს
დაღესტნის რამდენიმე ინტერნეტ-გამოცემა დაღესტნის მთებში რუსული ჯარების კონცენტრირებაზე წერს
12:39 29.08.2012
საქართველოსთან და აზერბაიჯანთან მოსაზღვრე დაღესტნის მთიან რაიონებში, ბოლო დროს რუსეთის ჯარის კონცენტრაციის შესახებ დაღესტნის რამდენიმე ინტერნეტ-გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს - იუწყება contact.az.

კერძოდ, ვებ-გვერდის Vdagestan.com. -ის 27 აგვისტროს ინფორმაციით, საუბარია ცოცხალი ძალისა და ტექნიკის თავმოყრაზე. იგივე წყაროს ცნობით, გადაადგილების დროს სოფელ საგადას სიახლოვეს ხეობაში გადავარდა და აფეთქდა ჯავშანტრანსპორტიორი, რის შედეგადაც რუსი სამხედროები დაიღუპნენ.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სამხედროებს დაგეგმილი აქვთ ტყის მასივების ბლოკირება და ჰაერიდან მათი დაბომბვა. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ამ ყველაფრის მიზანია ზამთრის დადგომამდე დაღესტანში მოჯაჰედების სამთო ბაზების განადგურება. სხვა მონაცემებით კი, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის მზადება მიმდინარეობს.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, ცნობილმა სამხედრო ექსპერტმა პაველ ფელგენგაუერმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ამერიკული სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, რუსეთი საქართველოში ჯარების შესაყვანად ემზადება. მოსკოვი გადადგამს ამ ნაბიჯს, რათა სომხეთში თავისი სამხედრო ბაზის განბლოკვა მოახდინოს, რომლის ბლოკირებაც შეიძლება მოხდეს რადგან, ამჟამად, ის ირანიდან მარაგდება.
კავკასიაში რუსული ჯარების ყოფილი მეთაურის იური ნეტკაჩევის თქმით, „შესაძლოა, საჭირო გახდეს სამხედრო საშუალებების გამოყენება, რათა დაირღვეს ქართული სატრანსპორტო ბლოკადა და შეიქმნას სომხეთისკენ მიმავალი სატრანსპორტო კორიდორები („ნეზავისიმაია გაზეტა, 15 დეკემბერი).

საქართველოს საზღვართან ჯარების თავმოყრა სექტემბერში დაგეგმილი „სტრატეგიული“ სამხედრო სწავლება „კავკასია 2012-ის“ ნიღაბქვეშ ხდება.

Vdagestan.com. -ის ინფორმაციით, 2008 წელს სწავლებამ „კავკასია 2008“ მოსკოვს საშუალება მისცა შეფარვით შემოებრუნებინა ძალები, რომლებიც აგვისტოში წარმატებით შეიჭრნენ საქართველოში. ბოლო თვეებში, რუსული ჯარები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ახალი შეიარაღებით და მედესანტეთა ქვედანაყოფებით მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ. ექსპერტები არ გამორიცხავენ, ასევე, მოსკოვის სწრაფვას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, ზეწოლა მოახდინოს თბილისზე, რომლის მიზანი საქართველოში იმ ძალების მხარდაჭერაა, რომლებიც ეცდებიან მიხეილ სააკაშვილის მთავრობის გადადგომას მიაღწიონ.

ბეჭდვა