ქარიშხალ „აიზეკის“ მოახლოების გამო, ახალი ორლეანიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული.
BBC-ის ინფორმაციით, „აიზეკმა“ ლუიზიანას, ქარიშხალ „კატრინადან“ 7 წლის შემდეგ მიაღწია, თუმცა, „აიზეკი“ გაცილებით ნაკლები სიმძლავრისაა.
ქარიშხალმა საათში 130 კილომეტრის სიჩქარეს მიაღწია, რაც მაღალი ტალღების წარმოქმნის საშიშროებას ქმნის. ახალი ორლეანი ამ დროისთვის მოსალოდნელი საფრთხისთვის ემზადება.
ქარიშხალი მძვინვარებს ასევე, ფლორიდისა და ტეხასის შტატებში.
„აიზეკმა“ ჰაიტიზე და დომინიკის რესპუბლიკაში სულ მცირე 24 ადამიანი იმსხვერპლა. კარიბის კუნძულების მნიშვნელოვანი ნაწილი კი, დატბორა.
აშშ-ს ეროვნული ქარიშხლის ცენტრის ინფორმაციით, „აიზეკმა“ 00:00 საათისთვის პირველი კატეგორიის ქარიშხლის ძალა შეიძინა და ახალი ორლეანის სამხრეთით საათში 110 კილომეტრ სიჩქარეს მიაღწია.
ლუიზიანადან და მისისიპიდან ასობით ათასმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლები დატოვა, თუმცა, მასობრივი ევაკუაცია არ გამოცხადებულა.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „აიზეკის“ სიმძლავრე სანამ ახალ ორლეანს მიაღწევს, შესუსტდება.
