ტაიფუნი „ბოლავენი“ სამხრეთ კორეას დაატყდა თავს
ტაიფუნი „ბოლავენი“ სამხრეთ კორეას დაატყდა თავს
12:00 28.08.2012
ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერმა ტაიფუნმა „ბოლავენმა“ სამხრეთ კორეის სანაპიროებთან დღეს 4 მეთევზის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 12 -ის საძიებო სამუშაოები გრძელდება.

ამის შესახებ სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით იაპონური მედია იუწყება.

კერძოდ, ორი თევზმჭერი სეინერი სამხრეთ კორეის კუნძულ ჩეჯუდოს მახლობლად ჩაიძირა. ორივე გემზე 34 ადამიანი იმყოფებოდა.

„ბოლივანი“ კორეის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროს მიუახლოვდა და ჩრდილოეთისკენ განაგრძობს მოძრაობას. მისი სიჩქარე საათში 45 კმ-ს აღწევს.

სტიქიის შედეგად 50 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, გადადებულია ყველა შიდა და საერთაშორისო ავიარეისი. სრულად არის შეჩერებული საავტომობილო მოძრაობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გრძელ ინჩეონის ხიდზე, რომელიც ინჩეონის საერთაშორისო აეროპორტს სამხრეთ კორეის დანარჩენ ნაწილთან აკავშირებს.

შეჩერებულია სასწავლო პროცესი, ვრცელდება ინფორმაცია დანგრეული სახლებისა და დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ.

ელოდებიან, რომ ტაიფუნი უახლოეს საათებში სეულს მიაღწევს.

კვირის დასაწყისიდან მზადყოფნაშია სამხრეთ კორეის ყველა სამაშველო სამსახური. შექმნილია საგანგებო რეაგირების 67 ჯგუფი.

გუშინ „ბოლავენი“ იაპონიის კუნძულ ოკინავას და კაგოსიმას პრეფექტურას დაატყდა თავს, რამაც ელექტროენერგიის მასიურად გათიშვა გამოიწვია, შეწყვეტილი იყო საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა. სტიქიის შედეგად იაპონიაში ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10-მდე დაშავდა.

განგაშია ასევე გამოცხადებული რუსეთის აღმოსავლეთ სანაპიროებთან. კერძოდ სტიქიურ მოვლენებს ელოდებიან პრიმორსკისა და ხაბაროვსკის ოლქებში, ასევე ამურის ოლქის სამხრეთ ნაწილში, სახალინის, მაგადანისა და კამჩატკის ოლქებში.



ბეჭდვა