სირიის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ყველაფერს გააკეთებს ქიმიური იარაღის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გენადი გატილოვმა „ასოშეითედ პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა.
„ჩვენ ვესაუბრეთ სირიის ხელისუფლებას და მათ დაგვარწმუნეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ ქიმიური იარაღის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რათა ის კონფლიქტში მონაწილე მეორე მხარის წარმომადგენლებს არ ჩაუვარდეს ხელში“ - განაცხადა გატილოვმა.
მისი თქმით, ოფიციალურმა დამასკომ კრემლი დაარწმუნა, რომ ქიმიური იარაღი უსაფრთხო ადგილზეა შენახული და არ არსებობს სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლის საფრთხე.
ამასთან, რუსი დიპლომატის შეფასებით, ქიმიური იარაღის მეორე მხარის ხელში ჩავარდნა საშიშია, რადგან ცნობილია, რომ სირიის ოპოზიციაში ტერორისტული ელემენტებიც არიან, მათ შორის, „ალ-ქაიდას“ წევრები.
აშშ და დიდი ბრიტანეთი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში უფლებას იტოვებენ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სერიოზული ზომები მიიღონ.
ამერიკული პრესის ინფორმაციით, კი აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს საიდუმლო გეგმა, რომლის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების რეალური საფრთხე შეიქმნება ამერიკელი სამხედროები იარაღის დაცვას ან განადგურებას მოახდენენ.
სირიაში წელიწადნახევარია სამთავრობო ჯარებსა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. გაერო-ს მონაცემებით, დაღუპულია 12 თასზე მეტი ადამიანი. სირიის ხელისუფლების განცხადებით, ოპოზიციასთან შეტაკებების შედეგად, 2 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სამართალდამცავია გარდაცვლილი.
