ირანის ქალაქ თავრიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად, რომელმაც ბოლო მონაცემებით, 227 ადამიანი იმსხვერპლა, გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
BBC-ის ინფორმაციით, ირანის წითელი ნახევარმთვარის ფედერაციის წარმომადგენლებმა 6 000 კარავი გაშალეს, რომელიც დაახლოებით, 16 000 უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანზეა გათვლილი.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, სამაშველო სამუშაოები დასრულდა. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აღირიცხა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
ადგილობრივი სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მიწისძვრამ მთიანი რეგიონის 20 სოფელი გაანადგურა, ხოლო ასობით დააზიანა.
პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადი ნეჯადმა შესაბამის სამსახურებს დაზიანებული სახლების რეკონსტრუქცია დაავალა. ადგილობრივი მთავრობა ასევე, სახლების აღდგენისთვის მოსახლეობას სახსრების გამოყოფასაც შეჰპირდა.
მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო, რეგიონში გლოვის დღეებია გამოცხადებული.
პირველი 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 11 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 17:23 საათზე, ხოლო მეორე 6,3 მაგნიტუდის ბიძგები იმავე ტერიტორიაზე 11 წუთის შემდეგ დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს ყველა სეისმურმა სადგურმა დააფიქსირა. მიწისძვრა აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოქალაქეებმაც იგრძნეს.
