ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, შაბთაი ცური ისრაელში მიმდინარე
მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„4-5 მაისს პალესტინის ტერორისტულმა ორგანიზაციებმა ღაზას სექტორიდან სამხრეთ ისრაელის მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების მიმართულებით 700-მდე ჭურვი გამოისროლეს, რის შედეგადაც დაშავდნენ ადამიანები, დაიღუპა ისრაელის ოთხი უდანაშაულო მოქალაქე, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, დაჭრილები არიან ისრაელელი ჯარისკაცები, რომლებიც ღაზას საზღვართან მოსახლეობის უსაფრთხოებას იცავენ.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს ისლამური ჯიჰადისა და ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციების საცეცხლე წერტილებს, შედეგად, განადგურებულია ათობით სამიზნე, მათ შორის, ისლამური ჯიჰადის საიდუმლო გვირაბი, ჭურვმტყორცნები და ტერორისტული საწვრთნელი ბაზები. მოკლულია შვიდი ტერორისტი.
ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის ტერორისტული ორგანიზაციები ომის ორმაგ დანაშაულს ჩადიან - ისინი მიზანში იღებენ ისრაელის უდანაშაულო მოსახლეობას და საცეცხლე წერტილებს მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ირჩევენ, რათა საკუთარი თანამოქალაქეები ცოცხალ ფარებად გამოიყენონ.
ამ დღეებში საჰაერო-თავდაცვითი სისტემა „რკინის გუმბათი“ რამდენიმეჯერ ამუშავდა და ღაზას სექტორის მახლობლად არსებული ისრაელის სოფლები ჭურვებისგან დაიცვა. ისრაელი მომავალშიც ძალებს არ დაიშურებს საკუთარი მოსახლეობის დასაცავად.
