რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის მტკიცებით, 2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში „ქართულ აგრესიაზე“ საპასუხო დარტყმის
შესახებ ბრძანება პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე გასცა.
ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც 2008 წელს პრეზიდენტის პოსტი ეკავა, სოციალურ ქსელ „Facebook“- ში საკუთარ გვერდზე გააკეთა.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ 7 და 8 აგვისტოს, როდესაც აგრესია დაიწყო, მხოლოდ თავდაცვის მინისტრს და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ველაპარაკე. 8 აგვისტოს დილის 4 საათზე კი, პირადად თავდაცვის მინისტრს მივეცი ბრძანება საპასუხო დარტყმა განეხორციელებინათ. სხვასთან არავისთან საუბარი არ მქონია. აი, ეს არის რეალური ისტორია“ - ამტკიცებს მედვედევი.
მისივე თქმით, მაშინდელ პრემიერ-მინისტრს და ახლანდელ პრეზდენტს ვლადიმერ პუტინს, რომელიც პეკინში ოლიმპიადაზე იმყოფებოდა, მხოლოდ ცხინვალში სამხედრო ძალის შეყვანის შემდეგ, 8 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში, 18:00 საათისთვის ესაუბრა ტელეფონით.
რაც შეეება 2008 წლის აგვისტოს ომში რუსი სამხედრო ძალის ჩართვის შესახებ პუტინის ვერსიას, ის ამტკიცებს, რომ პეკინში ყოფნის მიუხედავად, ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ინფორმაციას სრულად ფლობდა და მან დიმიტრი მედვედევს 7 და 8 აგვისტოს ორჯერ დაურეკა.
პუტინის თქმითვე, რუსეთის ხელმძღვანელობა საბრძოლო მოქმედებებში ჩართვაზე სამი დღე ფიქრობდა.
