ვლადიმერ პუტინი - 2008 წელს საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე სამი დღე ვფიქრობდით
ვლადიმერ პუტინი - 2008 წელს საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე სამი დღე ვფიქრობდით
13:05 08.08.2012
2008 წლის აგვისტოს ომის დეტალებზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა საბრძოლო  მოქმედებების დაწყებამდე სამი დღე ფიქრობდა, იუწყება „რია ნოვოსტი“.
როგორც ვლადიმერ პუტინმა მედიის წარმომადგენლებთან გუშინ საღამოს გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება ძალიან საპასუხისმგებლოა.
„შეიარაღებული ძალების გამოყენება ფაქტიურად საბრძოლო მოქმედებების დასაწყისია - იქ ისვრიან, ხალხი იღუპება. სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებ აუცილებელია ათჯერ მოიფიქრო. სამი დღე ვიფიქრეთ“ - განაცხადა რუსეთის პირველმა პირმა, რომელიც აგვისტოს მოვლენების დროს პრემიერ-მინისტრი იყო.
მისი თქმით, საქართველოს მხრიდან ომისათვის მზადებისა და ფაქტიურად საბრძოლო მოქმედებების დაწყების შესახებ, ცნობილი ჯერ კიდევ 4 აგვისტოს გახდა.
პუტინი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი მეთაურის იური ბალუევსკის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც თავის დროზე აღნიშნა, რომ „სანამ პუტინმა 2008 წელს პანღურები არ დაარიგა, რუსეთის ხელისუფლება გადაწყვეტილებას ვერ იღებდა“.
რუსეთის პირველი პირის თქმით, მისი და კოლეგების ურთიერთობის დონე და ხასიათი, ასევე, გადაწყვეტილებები, რომლებიც უსაფრთხოების სფეროში მიიღება, მსგავსი კატეგორიებით ოპერირების საშუალებას არ იძლევა.
დღეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი შესრულდა, ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოყვა.
ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 26 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.
იმავე წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ ოფიციალურად აღიარა.

ბეჭდვა