გრიგორი კარასინი - შემოდგომაზე ქართული მხრიდან ახალი პროვოკაციებია მოსალოდნელი
გრიგორი კარასინი - შემოდგომაზე ქართული მხრიდან ახალი პროვოკაციებია მოსალოდნელი
17:37 06.08.2012
რუსეთი ქართული მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ ახალ პროვოკაციებს არ გამორიცხავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  გრიგორი კარასინმა სააგენტო „იტარ-ტასს“ განუცხადა.
დიპლომატი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში შეეცდება შიდაპოლიტიკურ მიზნებს რეგიონში ახალი პროვოკაციის ორგანიზებით მიაღწიოს.
„ასეთი მცდელობები წარუმატებელი იქნება, რადგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოება ჩვენი სამხედროებისა და მესაზღვრეების მიერ, ნებისმიერი აგრესიული ქმედებისაგან საიმედოდ არის დაცული“ - განაცხადა კარასინმა.
ამასთან, მისი შეფასებით, ვითარება კონფლიქტის ზონებში კვლავაც დაძაბულია.
როგორც კარასინი აცხადებს, ევროპელი დამკვირვებლები პასიურობას ავლენენ ქართული ტერიტორიიდან გალის რაიონში განხორციელებული დივერსიული და ტერორისტული საქმიანობის მიმართ.
„პირველ რიგში მათი სამიზნე აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები არიან. თბილისი აქტიურად იყენებს ინფორმაციული დივერსიების მეთოდს. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაში სისტემატურად ვრცელდება ხმები შემოდგომაზე მოსალოდნელი ომის შესახებ, რაც, რა თქმა უნდა, ვითარებას დაძაბავს და პროვოკაციების რისკს ზრდის“ - განაცხადა კარასინმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება სასაზღვრო ზოლში „ფართომასშტაბიან მომზადებასა და რეზერვისტთა შეიარაღებას“ აწარმოებს.

ბეჭდვა