ტაჯიკეთის ქალაქ ხოროგთან მიმდინარე ბრძოლაში 200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული
ტაჯიკეთის ქალაქ ხოროგთან მიმდინარე ბრძოლაში 200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული
17:15 24.07.2012
დუშანბეს სამხედრო ჰოსპიტალში ქალაქ ხოროგიდან სამთავრობო ჯარების მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცები გადაჰყავთ.  ხოროგში გენერალ აბდულო ნაზაროვის მკვლელობაში მონაწილეთა დაკავების სპეცოპერაცია მიმდინარეობს - იუწყება „ბი-ბი-სი“.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეთაგან დაღუპულია 100 ჯარისკაცი და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მინიმუმ 100 ადამიანია.

მთიან ბადახშანში გათიშულია კავშირის ყველანაირი საშუალება.

„ბი-ბი-სი“ თანამგზავრული ტელეფონით შემთხვევის ადგილს დაუკავშირდა, საიდანაც აცნობეს, რომ ქალაქის მოსახლეობაში პანიკაა, არ მუშაობენ სახელმწიფო დაწესებულებები, ცენტრალური ბაზარი და მაღაზიები.

ხოროგიდან მიღებული ინფორმაციით, სპეცოპერაციისას მოკლეს ერთ-ერთი ყოფილი საველე მეთაური, პამირის არაფორმალური ლიდერი ედგორ შომუსალამოვი და გენერალ ნაზაროვის მკვლელობაში ბრალდებული ტოლიბეკ აიომბეკოვის ვაჟი.

„პამირში ეთნიკური წმენდა მიმდინარეობს. დავუკავშირდით ახლობლებს, რომლებმაც გვითხრეს, რომ ქალაქს ჰაერიდან ბომბავენ. დანგრებულია შენობები, მშვიდობიან მოსახლეობაში არის დიდი მსხვერპლი“ - განაცხადა სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ ოლიმ შერზამონოვმა.

პარალელურად, მოსკოვში, ტაჯიკეთის საელჩოსთან ეთნიკური პამირელების - წარმოშობით მთიანი-ბადახშანის ავტონომიური ოლქიდან, არასანქცირებული მიტინგი მიმდინარეობს. ისინი მოითხოვენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას და ოლქიდან ჯარების გაყვანას.

წინასწარი ინფორმაციით, ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების სახლწმიფოს კომიტეტის მთიანი-ბადახშანის ავტონომიური ოლქის სამმართველოს უფროსი გენერალი აბდულო ნაზაროვი 22 ივლისს საღამოს მოკლეს. გენერლის მანქანა ქალაქის შესასვლელთან უცნობმა პირებმა გააჩერეს, რომლებმაც ნაზაროვს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

ბეჭდვა