Financial Times - აშშ, ისრაელი და იორდანია სირიაში ქიმური შეიარაღების ნეიტრალიზების გეგმაზე მუშაობენ
Financial Times - აშშ, ისრაელი და იორდანია სირიაში ქიმური შეიარაღების ნეიტრალიზების გეგმაზე მუშაობენ
17:01 20.07.2012
ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი და იორდანია სირიის ტერიტორიაზე სპეცრაზმის გადასმის გეგმაზე მუშაობენ, რომლებმაც ქვეყანაში ქიმური შეიარაღების ნეიტრალიზება უნდა მოახდინონ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „Financial Times“ ავრცელებს.
„სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ოპერაციის ჩასატარებლად სირიაში 75 ათასი სამხედო მოსამსახურე იქნება საჭირო“ - ნათქვამია სტატიაში.
გამოცემის ინფორმაციით, პენტაგონს უკვე შემუშავებული აქვს „საიდუმლო გეგმა“, რომელმაც სირიაში ქიმიური იარაღის დაცვა უნდა უზრუნველყოს, იმ შემთხვევაში, თუ ასადის ხელისუფლება მის გამოყნებას გადაწყვეტს.
ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ დამასკო ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კონვენციას არ არის მიერთებული, შესაბამისად, ამ ქვეყნის ქიმიური არსენალის მოცულობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.
„ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ არაბულ სამყაროში სირია ქიმიური იარაღის ყველაზე დიდ არსენალს ფლობს“ - აცხადებს „Financial Times“.
დღეისთვის, სირიელი ამბოხებულები ქვეყნის 75%-ს აკონტროლებენ. დამასკოს ცენტრში ორი დღის წინ, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შენობის აფეთქების შედეგად, თავდაცვის მინისტრი დაუდ რაჯიხა, ანტიკრიზისული კომისიის ხელმძღვანელი ხასან ათ-თურქმანი, პრეზიდენტის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ასად ხაფიზ მახლიუფი დაიღუპნენ, დაჭრილები არიან სირიის შინაგან საქმეთა მინისტრი მუჰამედ აშ-შაარი და სადაზვერვო დეპარტამენტის უფროსი ხიშამ ბახტიარი.
სირიაში სამოქალაქო ომი ერთ წელზე მეტია გრძელდება, რომელსაც ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ბეჭდვა