სირიელმა სამხედროებმა დამასკოს სამხრეთ ნაწილში მაიდანის კვარტალზე კონტროლი აღადგინეს, სადაც ამბოხებულები იყვნენ გამაგრებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სირიის დედაქალაქის ქუჩებში სროლები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
აჯანყებულები დამასკოში პოლიციის შტაბ-ბინას დაესხნენ თავს, რომლის შედეგადაც რამდენიმე ათეული სამართალდამცავი დაიღუპა.
ამასთან, ოპოზიციის ინფორმაციით, „სირიის განმათავისუფლებელმა არმიამ“ დამასკოს რუკნ-ედ-დინის და ბერზის კვარტლები დაიკავა.
მათი მტკიცებით, სირიელი ამბოხებულები ქვეყნის 75%-ს აკონტროლებენ.
სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ადგილსამყოფელის შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია უცნობია.
ორი დღის წინ, დამასკოს ცენტრში ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შენობის აფეთქების შედეგად, თავდაცვის მინისტრი დაუდ რაჯიხა, ანტიკრიზისული კომისიის ხელმძღვანელი და პრეზიდენტის დაზვერვის სამსახურის უფროსი დაიღუპნენ, ხოლო დაჭრილია სირიის შინაგან საქმეთა მინისტრი მუჰამედ აშ-შაარი და სადაზვერვო დეპარტამენტის უფროსი.
სირიაში სამოქალაქო ომი ერთ წელზე მეტია გრძელდება, რომელსაც ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
