სირიელი მეამბოხეები ქვეყნის 75%-ს აკონტროლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოპოზიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრის ადნან ალ-ასადის ინფორმაციით, ერაყთან სირიის საზღვრის მთელი პერიმეტრი აჯანყებულებს უკავიათ.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ბრძოლები ოპოზიციასა და ხელისუფლების მომხრეებს შორის დედაქალაქ დამასკოს დასაკავებლად მიმდინარეობს.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, აჯანყებულები დამასკოში პოლიციის შტაბბინას დაესხნენ თავს, რომლის შედეგად რამდენიმე ათეული სამართალდამცავია მოკლული.
სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ადგილსამყოფელის შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია უცნობია.
ორი დღის წინ, დამასკოს ცენტრში ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შენობის აფეთქების შედეგად, თავდაცვის მინისტრი დაუდ რაჯიხა, ანტიკრიზისული კომისიის ხელმძღვანელი და პრეზიდენტის დაზვერვის სამსახურის უფროსი დაიღუპნენ, ხოლო დაჭრილია სირიის შინაგან საქმეთა მინისტრი მუჰამედ აშ-შაარი და სადაზვერვო დეპარტამენტის უფროსი.
სირიაში სამოქალაქო ომი ერთ წელზე მეტია გრძელდება, რომელსაც ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
